Timeless Agency-ის მენეჯმენტი საერთაშორისო პროგრამის ფარგლებში ესტონეთს ეწვია, რომელიც Visionest Institute-ის ორგანიზებით გაიმართა. პროგრამა „Creative Services Export” ევროკავშირის მხარდაჭერით, UNDP Georgia-სა და ესტონეთის საერთაშორისო განვითარების ცენტრის (ESTDEV) პარტნიორობით ხორციელდება. მისი მიზანი მკაფიოა: გააძლიეროს ქართული კრეატიული ინდუსტრიის პოტენციალი საერთაშორისო ბაზრებზე და ხელი შეუწყოს ექსპორტზე ორიენტირებული ბიზნეს-მოდელების ჩამოყალიბებას.
პროგრამის ფარგლებში ხუთი გამორჩეული ქართული კრეატიული სააგენტო შეირჩა ფინეთსა და ესტონეთში ვიზიტებისთვის. მოხარულები ვართ, რომ ამ ჯგუფის ნაწილი Timeless Agency-მაც გახდა.
Velvet — #1 Empathy-first Design Agency in the World

ჩვენთვის ეს ვიზიტი მრავალი მნიშვნელოვანი შეხვედრით იყო დატვირთული – e-Estonia Briefing Centre, La Ecwador Agency, Estonian Marketing Association. თუმცა, ჩვენთვის ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ მომენტად იქცა ვიზიტი Velvet-ში, რომელიც საკუთარ თავს მსოფლიოს #1 ემპათიაზე ორიენტირებულ კრეატიულ სააგენტოდ მიიჩნევს.
Velvet ესტონეთის ყველაზე ტიტულოვანი დიზაინ-სააგენტოა. 2004 წელს დაარსებული კომპანიის ოფისები ტალინსა და ტარტუში მდებარეობს. მათი სათავო ოფისი ტალინის შემოქმედებით კვარტალში – Telliskivi Creative City-შია განთავსებული. თავად ეს სივრცე იმის ნათელი ნიმუშია, თუ როგორ განსაზღვრავს გარემო შემოქმედებითი მუშაობის კულტურას.

შეხვედრა გამართა Velvet-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, პარტელ ვურმამ (Pärtel Vurma) დიზაინერმა და სტრატეგმა, რომელიც წლების განმავლობაში აყალიბებს ესტონეთის დიზაინის ლანდშაფტს. პარტელმა და მისმა გუნდმა გაგვიზიარეს მუშაობის მეთოდოლოგია, გვესაუბრნენ „კრეატიული ინტელექტის” მნიშვნელობაზე და იმაზე, თუ როგორ ეხმარება დიზაინი ორგანიზაციებს სტრატეგიული, კულტურული და ბიზნეს-შედეგების გაუმჯობესებაში.
„Empathy-first” — კრეატიული სააგენტოს მუშაობის მთავარი პრინციპი

Velvet-ის ფილოსოფიის ქვაკუთხედი ემპათიაა. მათთვის დიზაინი იწყება იმის სიღრმისეული გააზრებით, თუ ვისთვის იქმნება პროდუქტი, რა სჭირდება მომხმარებელს და როგორ შეიძლება მისი გადაწყვეტილებების მიღების პროცესი გახდეს უფრო მარტივი, გამჭვირვალე და ნდობაზე დაფუძნებული. სწორედ ეს მიდგომა გამოარჩევს Velvet-ს კლასიკური სარეკლამო სააგენტოებისგან: მათთვის დიზაინი მხოლოდ ესთეტიკა არ არის — დიზაინი სტრატეგიაა.
კრეატიული სააგენტოს მასშტაბირება: გამოწვევები და გამოსავალი
Velvet-ის გამოცდილება ასევე შეეხო კრეატიული სააგენტოს ზრდის გამოწვევებს: როგორ შეინარჩუნო ხარისხი, როცა გუნდი იზრდება? როგორ ააწყო პროცესები ისე, რომ მასშტაბირებამ ზიანი ვერ მიაყენოს კრეატიულ კულტურას? ეს ნებისმიერი მზარდი შემოქმედებითი ბიზნესის გამოწვევაა, რომლის გადაჭრის გზებზეც პარტელმა ღიად და გულწრფელად ისაუბრა.
რას ნიშნავს ეს გამოცდილება Timeless Agency-სთვის?
ეს ვიზიტი ჩვენთვის მხოლოდ პროფესიული ექსკურსია არ ყოფილა. ეს იყო შესაძლებლობა, საკუთარი მუშაობის მოდელი მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი კრეატიული სააგენტოს გამოცდილების ჭრილში დაგვენახა.
ემპათიაზე ორიენტირებული პროცესები, სტრატეგიული დიზაინი, როგორც ბიზნეს-მენეჯმენტის ნაწილი და დიზაინ-აზროვნება, როგორც ორგანიზაციული ცვლილების მამოძრავებელი ძალა – ეს ის მთავარი გამოცდილებაა, რომლებსაც Timeless Agency-ში ეტაპობრივად დავნერგავთ.

გვსურს მადლობა გადავუხადოთ Visionest Institute-ის ხელმძღვანელს, Anu-Mall Naarits-ს, პროექტის მენეჯერ Krista Kulderknup-სა და კოორდინატორ თათია ფარადაშვილს — ამ უმნიშვნელოვანესი პროგრამის ორგანიზებისთვის. ასევე, მადლობა პარტელ ვურმასა და Velvet-ის გუნდს მასპინძლობისა და გამოცდილების გაზიარებისთვის.
მსგავსი საერთაშორისო ინიციატივები აგებს ხიდებს არა მხოლოდ ქვეყნებს, არამედ პროფესიულ კულტურებს შორისაც. სწორედ ეს კავშირები ეხმარება ქართულ კრეატიულ ინდუსტრიას, დაიმკვიდროს ღირსეული ადგილი მსოფლიო რუკაზე.